ინტეგრირებული ფსიქოთერაპია

მომზადებულია მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მიერ და დაცულია საავტორო უფლებებით. დაუშვებელია სტატიის ნებისმიერი ფორმით გამოყენება მათ შორის, ასლის გამოქვეყნება ორგანიზაციის მხრიდან გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე.

რა არის ინტეგრირებული ფსიქოთერაპია?

ინტეგრირებული ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის ვალიდური მოდალობა, რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP), ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP), ინრეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP), ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებების მიერ.  

ინტეგრირებული მიდგომა ითვალისწინებს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სკოლების ელემენტებზე (კონცეფციები, ტექნიკები) დაყრდნობით ახალი დამოუკიდებელი თერაპიული მოდელის შექმნას. ის ასევე გულისხმობს, პიროვნების გამთლიანების ფსიქოთერაპიულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ემოციური/აფექტური, კოგნიტური, ქცევითი და ფიზიოლოგიური სფეროების გამთლიანებით. ბოლო წლების კვლევების თანახმად, ფსიქოთერაპია ვითარდება სხვადასხვა სკოლების, ფსიქოთერაპიული მოდალობების ინტეგრირების მიმართულებით. პრაქტიკოსების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში ეყრდნობა რამდენიმე სკოლის თეორიულ და ტექინიკურ შემადგენლებს კლიენტის ცხოვრებასა და მდგომარეობაში სასურველი ცვლილებების მისაღწევად.

 

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის უპირატესობებია:
1. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტექნიკების გამოყენება შესაძლებელია ყველანაირ ფორმატში – ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია, ბავშვთა, მოზარდთა, მოზრდილთა, წვილთა და ოჯახური თერაპია.
2. ფსიქოლოგიური სირთულეების ჩამონათვალი, რომლებთანაც მუშაობს თერაპიის ეს ფორმა შეუზღუდავია – დაწყებული პირადი ხასიათის ჩივილებით, ასრულებული ფსიქიკური აშლილობის რაიმე ფორმით.
3. ინტეგრირებული თერაპიის დროს კლიენტი აქტიურად არის ჩართული პროცესში,
სხვა კლასიკური მიდგომებისგან განსხვავებით, და თანამშრომლობს თერაპევტთან. სრულად ხდება მისი ინდივიდუალური ხასიათობრივი მახასიათებლების, ღირებულებების, რწმუნებულებებისა და მოტივაციის ხარისხის გათვალისწინება.
4. თერაპევტი მოქნილია და შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სკოლების ტექნიკები თერაპიის სხვადასხვა ეტაპზე კლიენტის ინტერესებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ზრდის ეფექტურობას.

სპეციალისტს არ უწევს კლიენტის და საკუთარი თავის მოქცევა ერთი კონკრეტული მიდგომის ფარგლებში, მას აქვს საშუალება გაითვალისწინოს კლიენტის ინდივიდუალური თავისებურებები და ყოველი კონკრეტული თერაპიული ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენოს მის ხელთ არსებული სხვადასხვა მოდალობების ინსტრუმენტები საჭიროებისამებრ, მიზანშეწონილად. 
ინტეგრირებული მიდგომა თერაპევტს საშუალებას აძლევს იმუშაოს საკუთარი პიროვნების, თერაპიული სტილისა და ადამიანური გამოწვევების, ფსიქოთერაპიული ამოცანების მისეული თეორიული კონცეპტუალიზაციის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ის მეტად თავისუფალი, მოქნილი და ეფექტიანია შედეგის მიღწევის თავლსაზრისით. Norcross (2005b) თანახმად, „ინტეგრირება ფსიქოთერაპიაში ხასიათდება სურვილით გადავლახოთ სხვა სკოლების საზღვრები, რათა აღმოვაჩინოთ თუ რა შეიძლება ვისწავლოთ ფსიქოთერაპიის წარმოების სხვა მოდელისგან. ამგვარი ქმედების საბოლოო მიზანი კი ეფექტიანობისა და ფსიქოთერაპიის გამოყენებადობის გაზრდაა“.

ინტეგრირებული მიდგომა ფსიქოთერაპიაში როგორც მოდალობათაშორისი დიალოგი

 ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მახასიათებელია არ შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი მიდგომით და გააფართოვოს თეორიული საზღვრები, იმის გამოსარკვევად, თუ რისი გაზიარება შეიძლება ფსიქოთერაპიიული პროცესის წარმოების სხვა მიმდინარეობებისგან. თერაპიის ეს მიდგომა გამოირჩევა ღია, უწყვეტი ურთიერთობით თერაპიულ მოდალობებს შორის. ინტეგრირებული თერაპია უერთდება იმ აზრს, რომ ცნობიერების ზრდის პროცესი ფსიქოდინამიკურ თერაპიაში, ქცევის წარმოქმნის პროცესი ბიჰევიორალურ ფსიქოთერაპიაში და რიგი სხვა გარემოებები ერთიანობაში ქმნიან ფსიქოთერაპიის სამკურნალო ფაქტორებს.  იმისათვის რათა მივიდეთ მკურნალობის ესოდენ ყოვლისმომცველ ინტეგრირებულ მიდგომამდე, აუცილებელია მოდალობათაშორისი დიალოგი.


 

ფსიქოთერაპიის ისტორია ყალიბდებოდა სხვადასხვა მოდალობათა თეორიული საფუძვლების პარალელური განვითარებით. თითოეული ფსიქოთერაპიული სკოლის (მოდალობის) მიმდევრებისათვის ხელმისაწვდომია ის ცოდნა და მიღწევები, რომელიც ამა თუ იმ მიმდინარეობამ შეიმუშავა და განავითარა.  ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მკაფიო ნიშნულია ორიენტირება სრულიად ფსიქოტერაპიის დარგის განვითარებაზე, რაც შესაძლებელია ამა თუ იმ მიმდინარეობაში ჩამოყალიბებული პროფესიული ცოდნის გამთლიანებით. 
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ფესვები 1930-იან წლებში იღებს სათავეს. 1980-იანი წლებიდან შეიმჩნევა მნიშვნელოვანი წინსვლა მეტწილად ფსიქოთერაპიის ინტეგრირების კვლევის საზოგადოების (SEPI) ჩამოყალიბების წყალობით. SEPI 1983 წელს შეიქმნა და გახდა მკურნალობის ამ მიდგომით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების გზა. ეს არის დიალოგისთვის მზა ცნობიერება, სადაც პროფესიონალები ისმენენ და სწავლობენ დღესაც, სწორედ ეს არის ამ მიდგომის სიძლიერე.

ფსიქოთერაპიის ინტეგრაციის მრავალწლიანი ისტორია თავის თავში მოიცავს თვითრეფლექსიის ხანგრძლივ პერიოდს. ინტეგრირებულმა მიდგომამ გადალახა თეორიული საზღვრები და ფსიქოთერაპევტების გარდა მოიცვა სხვადასხვა პროფესიული ჯგუფი: ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციალური მუშაკები. დრაიდენი (გაერთიანებული სამეფო) 1980 წელს  შეეხო თერაპიული სტილის განსხვავებებს თეორიულ ორიენტაციათა შორის.  ბასთინმა (გერმანია) 1980 წელს განიხილა თერაპათა ინტეგრაციის მეთოდები, ისევე როგორც თეორიული და პრაქტიკული უპირატესობები. გრინბერგმა და საფრანმა (კანადა, 1987) გამოაქვეყნეს ინგლისურენოვანი ნაშრომი ემოცია ფსიქოთერაპიაში, ხოლო ლეკომტმა და კასტონგემ  ფრანგულენოვანი “დაახლოება და ინტეგრაცია ფსიქოთერაპიაში”. გუიდანომ (იტალია) 1987 წელს, – “სელფის თავისებურებები”. შეერთებულ შტატებში გამოჩენილ არაერთ წიგნს შორის აღსანიშნავია ნორკროსის და გოლდფრიდის (1992)  და სტრიკერის და გოლდის (1993) მიერ  გამოცემული ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სახელმძღვანელოები. 

1996 წელს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის მიერ ჩატარებულ ფსიქოთერაპიული კვლევის მიმოხილვაში როტმა და ფონეგიმ დაასკვნეს, რომ სამომავლო შესწავლისათვის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მიმართულება ისაა რომელიც ცდილობს მოდალობათა ინტეგრირებას.
შეინიშნება მზარდი კონსენსუსი, იმის შესახებ,  რომ თერაპიის ინტეგრირებული მიდგომა წარმოადგენს ფსიქოთერაპიის მომავალს.

ინტეგრირების სამი საფეხური – ახალი კონცეპტუალური მოდელის შექმნა

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სამეცნიერო ვალიდურობის კრიტერიუმის განხილვისას დგება საკითხი, თუ როგორ მუშავდება ახალი კონცეპტუალური კონსტრუქცია, ყალიბდება თუ არა ამ დროს სხვა მოდალობებისაგან გამიჯნული, იდენთიფიცირებადი და თვისობრივად ახალი შესწავლის საგანი.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის გამორჩეული მახასიათებელია გამოიკვლიოს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კლიენტის სასიკეთოდ ის, რისი მიღებაც ადრე შეუძლებელი იყო, იგულისხმება სხვადასხვა აზრობრივი კონსტრუქციიდან მომდინარე საერთო ფაქტორები. ასეთი საერთო ფაქტორები, შეიძლება აღმოჩნდეს თერაპიულ მიმდინარეობებს შორის. ისინი წარმოადგენენ ძლიერ მხარეს, რადგან განსხვავებული თეორიული საწყიდან მოხერხდა მისვლა საერთო შედეგამდე.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპია აღიარებს ტექნიკურ ეკლექტიზმს, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული ორიენტრებიდან წამოსული განსხვავებული ინტერვენციები. შემდეგ ხდება ინტეგრირების მიღწევა თეორიულ დონეზე.

ამრიგად:
– ინტეგრირების პირველი საფეხურია საერთო ფაქტორების იდენთიფიცირება, რომელიც საერთო შედეგზე გადის.
– მეორე საფეხურია ინტერვენციის მისადაგება ტექნიკურ ეკლექტიზმის გამოყენებით.
– მესამე და ბოლო საფეხურია ინტეგრირების მიღწევა თეორიულ დონეზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოთერაპიის ინტეგრაციის შესწავლის ეს სამი მიდგომა არ არის ურთიერთგამომრიცხავი, პირიქით, ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგალითად, საერთო ფაქტორების გამოკვეთით ვიგებთ, თუ რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები აქვთ თეორიულ მოდელებს, შედეგად, ხაზს ვუსვამთ ისეთ სფეროებს, სადაც საჭიროა უფრო დეტალური ემპირიული და კლინიკური გამოკვლევა. უფრო სიღრმისეული კლინიკური და კვლევითი ანალიზისას ვიწყებთ ამ ძირითადი პრინციპების პარამეტრების დაზუსტებას. ეს არის ორიენტაციის ტექნიკური ეკლექტიზმი, ამ საფეხურზე ჩვენ ვარკვევთ თუ რომელი იქნება უფრო ეფექტური ამა თუ იმ კლინიკურ სიტუაციაში. მას შემდეგ რაც დავადგენთ რამდენიმე ტექნიკის ეფექტურობას, შესაძლებელია თეორიის კონსტრუირების აღმავალ მიდგომაზე გადასვლა.
თეორიულ კონსტრუქციები, რომელიც ასოცირებულია ამა თუ იმ სკოლასთან შეიძლება აყალიბებდეს მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ინტერვენციებს. ეფექტური მეთოდების ტექნიკურმა ეკლექტიზმმა შეიძლება მოითხოვოს იმის გადაჯგუფება, რაც შესაბამის საფეხურზე მივიჩნიეთ ეფექტურად და ამრიგად, ჩამოაყალიბოს ახალი კონცეპტუალური მოდელი თეორიული ინტეგრაციის ფორმის გათვალისწინებით.

პარტნიორები