აკადემიის მონაწილეობა EAIP-ის კრებაზე სოფიაში

2026 წლის 6-7 ოქტომბერს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) ყოველწლიურ საერთო კრებაში, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა.

საერთო კრების ფარგლებში შეჯამდა ასოციაციის 2026 წლის საქმიანობა და განხილულ იქნა ევროპულ პროფესიულ სივრცეში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები, მიღწევები და გამოწვევები.

მონაწილეებმა მოისმინეს ასოციაციის პრეზიდენტის, ჩვენი აკადემიის მოწვეული ლექტორის, ოანა მარია პოპესკუს ყოველწლიური ანგარიში, აგრეთვე კომიტეტების ხელმძღვანელებისა და პასუხისმგებელი პირების შემაჯამებელი მოხსენებები.

ყურადღება დაეთმო ასევე პროფესიული ეთიკის საკითხებს. ევროპული ასოციაციის ეთიკის ოფიცერმა, ანანო ნიაურმა, წარადგინა ანგარიში ფსიქოთერაპიის სფეროში არსებული ეთიკური გამოწვევებისა და სახელმძღვანელო პრინციპების განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

საერთო კრებაზე ასევე განისაზღვრა ასოციაციის 2027 წლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი საგაიდლაინო პროცესების გეგმა და მიმართულებები.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია საქართველოში EAIP-ის ერთადერთი აკრედიტებული წევრია. 2019 წლიდან აკადემია ხმის უფლებით მონაწილეობს ასოციაციის საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც უზრუნველყოფს მის უშუალო ჩართულობას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარების პროცესებში ევროპის მასშტაბით.

ევროპულ პროფესიულ სტრუქტურებში უშუალო მონაწილეობა აკადემიას აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს პირდაპირი, დროული და მუდმივად განახლებადი წვდომა ფსიქოთერაპიის სფეროში უახლეს მეცნიერულ მიღწევებზე, პროფესიულ სტანდარტებზე, ინოვაციურ მიდგომებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.

ეს ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დროულ ინტეგრირებას აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებში, პროფესიულ პრაქტიკასა და სპეციალისტთა უწყვეტ განვითარებაში. უწყვეტი კავშირი საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილებასთან გადამწყვეტია საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლების განვითარებისთვის.

მადლობას ვუხდით ევროპული ასოციაციის გუნდს, მასპინძელ ორგანიზაციასა და ბულგარელ კოლეგებს გულთბილი მასპინძლობისა და ნაყოფიერი პროფესიული თანამშრომლობისთვის.